,,თბილსერვის ჯგუფში" სამსახური ,,თეატრალურმა კვარტეტმა" მამუკა ახვლედიანის რეკომენდაციით დაიწყო ", -აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებთან თბილის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მამუკა ახვლედიანმა განაცხადა.
,,თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლებად თეატრალური კვარტეტის" ბიჭები პირადად ჩემი რეკომენდაციით იქნენ მიღებული. მე მათ ძალიან კარგად ვიცნობ, ეს ის პერიოდი იყო როდესაც ასპარეზზე გამოსვლას იწყებდნენ და მათ ბევრი მატერიალური პრობლემა ჰქონდათ. თუ დანაშაულია ის, რომ სწორედ ეს ადამიანები დასაქმებული იყვნენ თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებში, მაში ეს საზოგადოებამ უნდა გასაჯონ", -განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.
შეგახსენებთ, რომ ,,თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლებად ,,თეატრალური კვარტეტის" წევრებიც იყვნენ გაფორმებული. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ,, ,,თეატრალური კვარტეტი" იყო გაფორმებული ,,თბილსერვის ჯგუფში" პროკურატურის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ხათუნა პაიჭაძემ განაცხადა კვარტეტის წევრებმა ხელფასის სახით 71 338-ლარი მიიღეს.
,,თეატრალური კვარტეტი" ,,თბილსერვის ჯგუფიდან" ისანი-სამგორის რაიონში ალპინისტ-დამლაგებლებლად იყვნენ გაფორმებული და ხელფასის სახით 71 338-ლარი მიიღეს', -განაცხადა სააგენტო ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ხათუნა პაიჭაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახური, შპს „თბილსერვის ჯგუფი" - ს საქმიანობას სწავლობს, რომელიც თბილისის მერიამ ქალაქის დასუფთავების მიზნით 2006 წელს დააფუძნა. გამოძიებით დადგენილია, რომ 2009 წლის 31 დეკემბერს შპს „თბილსერვის ჯგუფის" იმჟამინდელმა გენერალურმა დირექტორმა გიორგი ხუჭუამ, მერიის დასუფთავების სამსახურის იმჟამინდელი უფროსის, ტარიელ ხიზანეიშვილის დავალებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტების მატერიალური უზრუნველყოფის მიზნით, ამ სამსახურში ფორმალურად შექმნა „საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება", სადაც, 2 წლის განმავლობაში, ფიქტიურად დასაქმდა აღნიშნული პოლიტიკური პარტიის 764 აქტივისტი - ე.წ. პარტიული კოორდინატორი. უმეტესობას ამ სამსახურში არც ერთი დღე არ უმუშავია, რადგან ისინი, როგორც წესი, უკვე დასაქმებულები იყვნენ სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებში და პრალელურად პარტიულ საქმიანობასაც ეწეოდნენ, თუმცა დედაქალაქის ბიუჯეტისთვის განკუთცნილი ასიგნებებიდან მათ ხელფასის სახით 5 245 945 ლარი დაერიცხათ.
გამოძიებით ირკვევა, რომ 2010 წლის 6 აგვისტოს, "თბილსერვის ჯგუფის" საშტატო განრიგი და სახელფასო ფონდი დედაქალაქის მოქმედმა მერმა - გიგი უგულავამ დაამტკიცა. რაც შეეხება დასუფთავების სამსახურის ყოფილ უფროსს, ტარიელ ხიზანეიშვილს, იგი ამჟამად ვიცე-მერის თანამდებობას იკავებს. გამოძიება ინტენსიურად მუშაობს 5 245 945 ლარის გაფლანგვის ფაქტზე და უახლოეს დღეეებში გადაწყვეტს ბრალეულ პირთა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხს.