შპს "თბილსერვის ჯგუფთან" დაკავშირებით გამოვლენილ დარღვევებზე დედაქალაქის მერს, გიგი უგულავას, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში დაკითხავენ, - ამის შესახებ გადაცემა ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერშუ მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, გამოძიებას აღნიშნულ საქმეზე უგულავასთან ექნება კითხვები, რადგან უგულავამ პირადად მიიღო გადაწყვეტილება "ნაცმოძრაობის" 764 აქტივისტის დასაქმებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრუქტურის შექმნის გამო.
"ის იმსახურებს, რომ გამოძიების მიერ იყოს დაკითხული. კონკრეტული პროკურორი და გამომძიებელი, რომელიც ამ ფაქტს იძიებს, მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ უახლოეს მომავალში ამ საქმეზე მერი იქნეს დაკითხული", _ აღნიშნა კბილაშვილმა.
მთავარი პროკურორის განცხადებით, საქმეზე 200-ზე მეტი პირი დაიკითხა, რომლებიც პირდაპირ და გულწრფელად ამბობდნენ, რომ სამსახურთან შეხება არ ჰქონიათ და ასრულებდნენ პარტიულ დავალებებს.
"ამ ადამიანების პარტიული დასაქმებისთვის დაიხარჯა 5,245 მლნ ლარი, რაც მნიშვნელოვანი მონაცემია. გაიფლანგა ბიუჯეტის თანხები და შესაძლოა კიდევ ჰქონდეს ადგილი სხვა თანამდებობრივი ტიპის დანაშაულს. ეს არის ამ გახმაურებულ საქმეში მთავარი ღერძი", _ აღნიშნა კბილაშვილმა.
"საქართველოს ფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახური, შპს "თბილსერვის ჯგუფი" - ს საქმიანობას სწავლობს, რომელიც თბილისის მერიამ ქალაქის დასუფთავების მიზნით 2006 წელს დააფუძნა. გამოძიებით ამ დროისთვის დადგენილია, რომ 2009 წლის 31 დეკემბერს შპს "თბილსერვის ჯგუფის" იმჟამინდელმა გენერალურმა დირექტორმა გიორგი ხუჭუამ, მერიის დასუფთავების სამსახურის იმჟამინდელი უფროსის, ტარიელ ხიზანეიშვილის დავალებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტების მატერიალური უზრუნველყოფის მიზნით, ამ სამსახურში ფორმალურად შექმნა "საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება", სადაც, 2 წლის განმავლობაში, ფიქტიურად დასაქმდა აღნიშნული პოლიტიკური პარტიის 764 აქტივისტი - ე.წ. პარტიული კოორდინატორი. უმეტესობას ამ სამსახურში არც ერთი დღე არ უმუშავია, რადგან ისინი, როგორც წესი, უკვე დასაქმებულები იყვნენ სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებში და პრალელურად პარტიულ საქმიანობასაც ეწეოდნენ, თუმცა დედაქალაქის ბიუჯეტისთვის განკუთვნილი ასიგნებებიდან მათ ხელფასის სახით 5 245 945 ლარი დაერიცხათ.
გამოძიება ინტენსიურად მუშაობს 5 245 945 ლარის გაფლანგვის ფაქტზე და უახლოეს დღეეებში გადაწყვეტს ბრალეულ პირთა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხს.