თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს III განყოფილების თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისათვის 1979 წელს დაბადებული ივანე ქ. დააკავეს.
დაკავებულმა თბილისში, ბენაშვილის ქუჩაზე ყოფილ მეუღლესთან, ნესტან ნ-სთან ურთიერთშელაპარაკების შემდეგ ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰაერში გაისროლა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას - 1 მასრა ამოიღეს. ხოლო ჭავჭავაძის გამზირზე დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას „გლოკ 19"-ის მოდელის პისტოლეტი აღმოაჩინეს.
ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული იარაღი ვარგისია სროლისათვის და განეკუთვნება ცეცხლსასროლი იარაღის კატეგორიას.
სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ დანაშაულის ჩადენისას ივანე ქ. ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.