ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შიდა ქართლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, დიდი ოდენობით სახელმწიფო კუთვნილი თანხების მითვისების ფაქტზე , დაკავებულები არიან კასპის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი ზურაბ გელიტაშვილი და შპს „კასპის კეთილმოწყობის„ დირექტორი გიორგი გოცირიძე. აღნიშნულმა პირებმა ჯგუფურად, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, მიითვისეს სახელმწიფოს კუთვნილი თანხა 45 133 ლარი.
გამოძიებით დადგინდა, რომ კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და ამავე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ შპს „კასპის კეთილმოწყობას" შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა კასპის და მისი შემოგარენის დაგვა - დასუფთავებას, ასევე ნაგავსაყრელის მოწესრიგებას.
აღნიშნული ხელშეკრულების პირობები სისტემატურად ირღვეოდა, კერძოდ, შპს-ს დირექტორი გ. გოცირიძე არაკეთილსინდისიერად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, ამავე დროს , გ. გოცირიძე მუნიციპალიტეტის გამგეობაში საწვავის ჩამოწერასთან დაკავშირებით მიღება - ჩაბარების აქტებს ფიქტიურად წარადგენდა. აღნიშნულ საქმიანობაში მას ეხმარებოდა ზ.გელიტაშვილი, რომელსაც სამსახურებრივად უშუალოდ ევალებოდა შესრულებული სამუშაოების კონტროლი.
მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182 - ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე.