სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო თეატრის ყოფილი დირექტორი დიმა ჯაიანი თეატრის ახალ მმართველს ღალატში ადანაშაულებს.
"ის ჩემი უახლოესი მეგობარი იყო და მოიქცა არაკაცურად, როგორც მოღალატე, იუდა", - განუცხადა ჯაიანმა ჟურნალისტებს.
რაც შეეხება დარღვევებს, რომელიც თეატრში აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის კონტროლის პალატამ აღმოაჩინა, ჯაიანი მას კატეგორიუად უარყოფს და პირიქით, აცხადებს, რომ თეატრის ფეხზე დასაყენებლად 15 ათასი ლარი საკუთარი ჯიბიდან დახარჯა.
"რა დარღვევებზე მელაპარაკებით, 15 ათასი დაჯდა თეატრის ფეხზე დაყენება, რაც საკუთარი ჯიბიდან დავაფინანსე იმიტომ, რომ სახელმწიფომ ფული არ მომცა. მაშინ რატომ არ დაინტერესდნენ, საიდან მოვიტანე ის ფული, როცა თეატრი ფეხზე იდგა", - განუმარტა ჯაიანმა ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის, დალი ხომერიკის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით, ჯაიანი თანამდებობიდან გათავისუფლებულია. ამის მიზეზი აფხაზეთის კონტროლის პალატის მიერ თეატრში ჩატარებული მონიტორინგის დროს აღმოჩენილი დარღვევები გახდა.
როგორც კონტროლის პალატის დასკვნაშია ნათქვამი, 2006 წლის 1-ლი ივლისიდან 2008 წლის 1-ელ ივლისამდე პერიოდში (საანგარიშო პერიოდში) გაცემული 23 245 ლარიდან დოკუმენტურად დადასტურებული მხოლოდ 7 760 ლარის ხარჯვაა, დაახლოებით 14 000 ლარის თანხაზე კი არასრული დოკუმენტაციაა წარმოდგენილი.
კონტროლის პალატის დასკვნაში ასევე წერია, რომ რიგი დარღვევები იქნა აღმოჩენილი, როგორც სახსრების ხარჯვასთან, ისე ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებით.
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დალი ხომერიკმა ჯაიანის შემცვლელად მსახიობი მერაბ ბრეკაშვილი დღეს წარადგინა. ბრეკაშვილი, რომელიც 25 წელია თეატრში მოღვაწეობს, სოხუმის თეატრის მმართველის მოვალეობას შეასრულებს.