შემოსავლების სამსახური არ დაუშვებს კორუფციის არც ერთ ფაქტს. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის პრესსამსახურის უფროსმა ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხადა.
" არ აქვს მნიშვნელობა, კონკრეტულად რომელ პოზიციაზე იმყოფება პირი, თუ მისი მხრიდან დაფიქსირდება დანაშაულის ფაქტი, იგი იქნება დასჯილი კანონის სრული სიმკაცრით", - განაცხადა მოისწრაფიშვილმა.
მოისწრაფიშვილის განცხადებით, შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აჭარის ბიუროს უფროსი გიორგი ემირიძე. მან შპს "შავი ზღვის სალოცმანო სამსახურის" დამფუძნებლებისაგან სამსახურებრივი მფარველობის სანაცვლოდ დიდი ოდენობით ქრთამი - 15 ათასი ლარი აიღო. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ბ და გ პუნქტებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე. გიორგი ემირიძის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ქრთამის სახით მიღებული 15 ათასი ლარი.