რესპუბლიკური პარტია ამომრჩეველთა სიების მონიტორინგის პროცესში გამოვლენილ სერიოზულ პრობლემებზე საუბრობს და მათი გამოძიების წინადადებით მთავარ პროკურატურას მიმართავს.
როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამომრჩეველთა სიის გადამოწმების საწყის ეტაპზე თბილისის საცხოვრებელი ბინების მონიტორინგი მოხდა, სადაც "საპარლამენტო არჩევნების დროს 30, 40 და მეტი ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული".
"ცესკოს მიერ 2010 წლის 9 თებერვალს გადმოცემულ ვერსიაში ეს მოქალაქეები კვლავაც ამ მისამართებზე იყვნენ რეგისტრირებული. ცესკოს მიერ 12 თებერვალს გადმოცემულ ვერსიაში კი 7000 ასეთი ამომრჩეველი საერთოდ გაქრა სიიდან ჩანაწერით "მოხსნილია რეგისტრაციიდან მესაკუთრის განცხადებით". მივედით რამდენიმე ასეთ ბინაში, ვესაუბრეთ მათ მესაკუთრეებს, გვაქვს ფოტო- და აუდიომასალა, რომელიც ცალსახად მიუთითებს სახელმწიფო მოხელეთა მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტზე - 2008 წლის არჩევნებისთვის მინიმუმ 7000 ამომრჩეველი ხელოვნურად იყო მიწერილი თბილისის სხვადასხვა მისამართზე. რესპუბლიკური პარტია მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურორს დაუყოვნებლივ და უმოკლეს ვადებში ჩაატაროს სრულყოფილი გამოძიება იმის გასარკვევად, თუ ვინ უზრუნველყო ამ 7000 მოქალაქის მონაწილეობა 2008 წლის არჩევნებში გაყალბებული სარეგისტრაციო მონაცემების საფუძველზე, ვისი მითითებით მოხდა მათი ამოღება ამომრჩეველთა სიიდან 2010 წლის 9 თებერვლიდან 12 თებერვლამდე და სად არიან ეს მოქალაქეები რეგისტრირებული დღევანდელი მდგომარეობით, ვინ არიან ის საჯარო მოხელეები, ვინც გააყალბეს მოქალაქეების სარეგისტრაციო მონაცემები და ვის პოლიტიკურ მითითებებს ასრულებდნენ ისინი", - განაცხადა ხიდაშელმა.
რესპუბლიკური პარტია ამომრჩეველთა სიების მონიტორინგს განაგრძობს და მიაჩნია, რომ ამ კონკრეტული დანაშაულის ჩამდენი პირების დასჯა იქნება ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური პრევენციული ღონისძიება ამომრჩეველთა სიების დაზუსტების პროცესში.