ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა, კობა სუბელიანმა აჭარაში დევნილებისთვის რეაბილიტირებული ობიექტები დაათვალიერა. მინისტრმა რეგიონში აფხაზეთიდან დევნილებისთვის რეაბილიტირებული საცხოვრებელი ობიექტები დაათვალიერა და დევნილებთან საუბრისას აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მეთაურის პირობა შესრულდება და აფხაზეთში დაბრუნებამდე ყველა დევნილი ნორმალურ პირობებში იცხოვრებს.
ერთ-ერთი ობიექტი, სადაც მინისტრი მივიდა, ყოფილი მექანიკური ქარხნის საერთო საცხოვრებელია. აღნიშნული შენობა სრულად გარემონტდა და 38 დევნილი ოჯახი ცხოვრობს. როგორც დევნილები აცხადებენ, ისინი დღემდე საკმაოდ ცუდ პირობებში იმყოფებოდნენ.
მინისტრმა დევნილებთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ხსენებული ობიექტი ერთ თვეში დევნილების საკუთრება გახდება:
"როგორც პრეზიდენტმა ბრძანა, აფხაზეთიდან დევნილი არცერთი ოჯახი თავშესაფრის გარეშე არ უნდა დარჩეს. დაბრუნებამდე ყველა დევნილმა ნორმალურ პირობებში უნდა იცხოვროს. დღეს 38 ოჯახი დავაკმაყოფილეთ, ხვალ 48 ოჯახს დავაკმაყოფილებთ და ასე ნელ-ნელა ბოლოში გავალთ. მაქსიმუმ ერთ თვეში აღნიშნულ ობიექტზე საკუთრების მოწმობა გადმოგეცემათ, რაც იმას ნიშნავს, რომ ის თქვენი საკუთრება იქნება. შეგეძლებათ, მისი გაყიდვა, გაყოფა, კრედიტის აღება და სხვა. ბათუმში ასეთ კაპიტალს ფასი ნამდვილად აქვს", - კობა სუბელიანი.
აღნიშნული ობიექტის მაცხოვრებლები ელექტროენერგიის ინდივიდუალური მრიცხველებით სარგებლობენ, რაც ელექტროენერგიის გადახარჯვის გამო პრობლემებს თითქმის გამორიცხავს.
მინისტრი ხვალ ხელვაჩაურის რეგიონს ეწვევა და ანალოგიურად, დევნილებთან შეხვედრას გამართავს.