თბილისის ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოს მე-2 განყოფილების თანამშრომლებმა, ქურდობის ფაქტზე, 1992 წელს დაბადებული გიორგი მ. დააკავეს.
დაკავებულმა, თანმხლებ პირთან ერთად, თბილისში, ვაჟა ფშაველას გამზირზე, ერთ-ერთი კორპუსის ეზოში გაჩერებული, ამავე კორპუსში მცხოვრები, 1947 წელს დაბადებული ნიკოლოზ შაიშმელაშვილის „ფოლკსვაგენ-გოლფის" მარკის ავტომანქანის მინა ჩაამსხვრია და მანქანის მაგნიტოფონი მოიპარა.
სამართალდამცველებმა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ცხელ კვალზე, გიორგი მ. დააკავეს, ხოლო მისმა თანამზრახველმა მიმალვა მოახერხა. ნაქურდალი ნივთი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ" ქვეპუნქტით, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თანამზრახველის დასაკავებლად გრძელდება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.