სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო თეატრის
უკვე ყოფილი მმართველი დიმა ჯაიანი მის გათავისუფლებას პოლიტიკური მოტივით ხსნის.
ამ წუთებში თეატრში ჯაიანი მის მხარდამჭერ მსახიობებთან ერთად მსჯელობს იმაზე, თუ რითი უპასუხოს აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებას და ლეგიტიმური მთავრობის კონტროლის პალატის დასკვნას.
წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით ჯაიანი პირველ განცხადებას დღის ბოლოს გააკეთებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ თეატრის დასის ერთი ნაწილი ახალ მმართველთან მუშაობაზე უარს აცხადებს და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ჯაიანის თანამდებობაზე დაბრუნებას სთხოვენ.
შეგახსენებთ, რომ მინისტრ დალი ხომერიკის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით დიმიტრი ჯაიანი თანამდებობიდან გათავისუფლებულია. ამის მიზეზი აფხაზეთის კონტროლის პალატის მიერ თეატრში ჩატარებული მონიტორინგი გახდა.
როგორც კონტროლის პალატის დასკვნაშია ნათქვამი, 2006 წლის 1-ლი ივლისიდან 2008 წლის 1-ელ ივლისამდე პერიოდში (საანგარიშო პერიოდში) გაცემული 23 245 ლარიდან დოკუმენტურად დადასტურებული მხოლოდ 7 760 ლარის ხარჯვაა, დაახლოებით 14 000 ლარის თანხაზე კი არასრული დოკუმენტაციაა წარმოდგენილი.
კონტროლის პალატის დასკვნაში ასევე წერია, რომ რიგი დარღვევები იქნა აღმოჩენილი, როგორც სახსრების ხარჯვასთან, ისე ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებით.
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დალი ხომერიკმა ჯაიანის შემცვლელად მსახიობი მერაბ ბრეკაშვილი დღეს წარადგინა.