საქალაქო სასამართლო ცეზარ ჩოჩელის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 2013 წლის 26 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულ ცეზარ ჩოჩელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე და მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო - 200 000 ლარის ოდენობით.
სასამართლომ ბრალდებულ ცეზარ ჩოჩელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევაზე მსჯელობისას, მიიჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა დასაბუთებულად ყველაზე მკაცრი სახის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მართებულობა და მიზანშეწონილობა. ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა დადასტურებული მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე. ასევე, ვერ იქნა დასაბუთებული ბრალდებულის მიერ მიმალვის საფრთხე. სასამართლომ მხედველობაში მიიღო, ბრალდებულის პირადი მახასიათებლები, კერძოდ, ცეზარ ჩოჩელი წარსულში არ არის ნასამართლევი, აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ჰყავს ოჯახი. ასევე, იგი გამოძახებისთანავე გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოებში. ამ გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს აღკვეთი ღონისძიების სახით, პატიმრობის აუცილებლობა და შესაბამისად, ცეზარ ჩოჩელს შეეფარდა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება - გირაო 200 000 ლარის ოდენობით.
აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება 2013 წლის 14 მარტს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში.