ქუთაისში, მშობიარობის შემდეგ დაღუპული 22 წლის ვიოლა მატინოვას გარდაცვალებაში ოჯახის წევრები მის მკურნალ ექიმს ირაკლი მერკვილაძეს ადანაშაულებენ და გამოძიებისგან ფაქტის გამომწვევი მიზეზების დადგენას ითხოვენ. ვიოლა მატინოვას, რომელიც ერთი დღის წინ გარდაიცვალა, 18 დღის შვილი დარჩა.
გარდაცვლილის ოჯახის წევრების თქმით, მატინოვამ სამშობიარო სახლში საკეისრო კვეთა გაიკეთა. სამი დღის შემდეგ პაციენტი გაწერეს. რამდენიმე დღის შემდეგ კი, ვიოლა მატინოვს ტკივილები და სისხლდენა დაეწყო, რის შემდეგაც საავადმყოფოში მის ექიმს, მეან-გინეკოლოგ ირაკლი მერკვილაძეს მიაკითხა. გარდაცვლილის მეზობელი ნაირა ჩაფიძე ჰყვება, რომ ექიმმა ანალიზი აუღო და როგორც სჩანს, არ მოეწონა მდგომარეობა. ჩაფიძე იხსენებს გარდაცვლილის ნათქვამს რომ ექიმმა ექთანს რუსულად გადაულაპარაკა, საშვილოსნოში სისხლი აქვს, მაგრამ მაგას ხომ ვერ ვეტყვით, ვუთხრათ, რომ ფილტვების ანთება აქვსო. "ექიმმა 400 ლარის წამლები გამოუწერა ვითომ ფილტვების ანთებისთვის. აფთიაქში კი გვითხრეს, რომ წამლები სინამდვილეში ანთებისთვის არ იყო. ამის შემდეგ გადასხმა გაუკეთეს პაციენტს და ფული რომ არ ჰქონდა, საავადმყოფოში 40 ლარის გულისათვის გარდაცვლილის პირადობის მოწმობა დაიტოვეს" - ამბობს ჩაფიძე.
ვიოლა მატინოვა სახლში ცუდად გახდომის შემდეგ, სასწრაფო დახმარების მანქანით ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის გარდაიცვალა. ოჯახი ირაკლი მერკვილაძისაგან მიცვალებულის მიხედვასა და 18 წლამდე ვიოლა მატინოვის მცირეწლოვან შვილზე მზრუნველობას ითხოვენ.
ქუთაისის მე-3 სამშობიარო სახლში აცხადებენ, რომ საკეისრო კვეთა პაციენტის დაჟინებული მოთხოვნით ჩატარდა, ხოლო დედა-შვილი დაწესებულებიდან დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით გაწერეს. საავადმყოფოში ექიმის დაუდევრობას გამორიცხავენ და აცხადებენ, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან.