შსს-ს კახეთის პოლიციის სამხარეო მთავარი სამმართველოს სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ფაქტზე, წარსულში ნასამართლევი, 1985 წელს დაბადებული ვახტანგ ბ. დააკავეს.
დაკავებულმა, სიღნაღის რაიონის სოფელ ვაქირში მდებარე, ილო მოსაშვილის სახელობის სახლ-მუზეუმი გაქურდა. სამართალდამცველებმა, ამავე რაიონის სოფელ საქობოში, ვახტანგ ბ-ს მეუღლის მშობლების საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, მოპარული ექსპონატები: ყალიონი და მედალიონი თავისი ყუთით აღმოაჩინეს. მუზეუმის ექსპონატების გარდა, ჩხრეკისას, გადაჭრილი გლუვლულიანი სანადირო თოფი, ე. წ. „აბრეზი" ამოიღეს.
სიღნაღის რაიონის სოფელ ვაქირში, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, „მარიხუანას" შემცველი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. ნარკოლოგიურმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ დანაშაულის ჩადენისას, ვახტანგ ბ. ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის (ქურდობა) მე-2 ნაწილით, 260-ე მუხლის (ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება-შეძენა-შენახვა) 1-ლი ნაწილით და 236-ე მუხლის (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება) 1-ლი ნაწილით აღიძრა. გამოძიებას შსს-ს კახეთის პოლიციის სამხარეო მთავარი სამმართველოს სიღნაღის რაიონული სამმართველო აწარმოებს.