მცხეთა-მთიანეთის ყოფილ გუბერნატორს ცეზარ ჩოჩელს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. როგორც ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა განაცხადა, ჩოჩელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე და 337-ე მუხლებით წაუყენეს, რაც უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას და სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობას გულისხმობს. ადვოკატის ცნობით, აღმკვეთ ღონისძიებას მისი დაცვის ქვეშ მყოფს თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ შეუფარდებენ.
ჩოჩელის ადვოკატები საქმის მასალებს, მისი მოცულობიდან გამომდინარე, ბოლომდე არ იცნობენ, თუმცა, როგორც ჭაბაშვილმა განმარტა, საქმე ეხება კომპანიების მართვის დროს ფულის გათეთრებას და სხვა ფირმებში ჩადებას.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ყოფილ გუბერნატორს 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.