დიდი ოდენობით კონტრაბანდული საქონლის, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით და ტვირთის დეკლარირების გარეშე, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოტანის ფაქტზე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე გურგენ ბესალიანი.
გამოძიებით დადგინდა, რომ გ. ბესალიანმა, გადასახადისგან თავის არიდების მიზნით, საბაჟო წესების დარღვევით, არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან, დუბაი - თბილისის რეისით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოიტანა Iphone 4s, Iphone 5, Samsung galaxy s3 - ის ფირმის, ძვირად ღირებული მობილური ტელეფონები, რომელთა საერთო ღირებულება 19 245 ლარს შეადგენს.
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, კონტრაბანდული საქონლის შემოტანის ფაქტზე, ასევე გამოავლინეს საქართველოს მოქალაქე ზეინაბ იმესაშვილი. აღნიშნულმა პირმა ტვირთის განბაჟების გარეშე, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოიტანა 727 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები. კერძოდ, ყელსაბამები, სამაჯურები, საყურეები, რომელთა ღირებულება შეადგენს 39 776 ლარს.
აღნიშნულ ფაქტებზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214 - ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 დან 7 წლამდე ვადით.