გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოს მე-5 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ნარკოდანაშაულისათვის, 1963 წელს დაბადებული გივი მ. დააკავეს.
როგორც დაკავებულის ბინის ჩხრეკისას გაირკვა, მას სახლში სათბური ჰქონდა მოწყობილი და საძინებელში, 4 დიდ ქოთანში, ნარკოტიკულ საშუალება „მარიხუანას" ზრდიდა და ინახავდა.
სამართალდამცველებმა, გივი მ-ს ბინიდან, ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა" და ნარკოტიკული ნივთიერების დამზადებისთვის საჭირო სხვადასხვა ნივთები ამოიღეს.
ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ამოღებული გამომშრალი „მარიხუანას" წონა 0,853 გრამია, ნედლის კი - 81,92 გრამი. ნარკოლოგიური ექსპერტიზის შედეგად, ასევე დადგინდა, რომ დაკავებული „მარიხუანას" მომხმარებელია.
გივი მ. წარსულში ქურდობისთვის არის ნასამართლევი.
გამოძიებას, გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოს მე-5 განყოფილება, სსსკ-ის 265-ე მუხლის I ნაწილით, აწარმოებს.