თბილისის საქალაქო სასამართლომ ვლადიმერ ბედუკაძე პატიმრობიდან გაათავისუფლა.
შესაბამისი გადაწყვეტილება სასამართლომ დღეს საღამოს გამართულ სხდომაზე პროოკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო.
სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურორის მოთხოვნა და ვლადიმერ ბედუკაძე 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. ბედუკაძემ გირაოს თანხა 10 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს.
სასამართლოს დადგენილებით, პროკურორის მოთხოვნის საფუძველზე, ბედუკაძემ პროკურატურას პასპორტი და პირადობის მოწმობა უნდა ჩააბაროს, არ გაახმაუროს მიცემული ჩვენებები და გამოძახების შემთხვევაში შსაბამის ვადებში გამოცხადდეს საგამოძიებო ორგანოებში.
ბედუკაძეს ბრალი ედება პატიმართა მიმართ, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზებაში. ამ ბრალდების საფუძველზე ბედუკაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.
ბედუკაძე საქართველოში 18 იანვარს დაბრუნდა და იგი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. ციხის სკანდალური კადრების ავტორი ამ დრომდე გლდანის ციხეში იმყოფებოდა.
ბედუკაძე პროკურატურამ ციხეში გუშინ დაკითხა, რის შემდეგაც მისმა ადვოკატმა განაცხადა, რომ ბრალდების მხარე მისი პატიმრობიდან გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებდა.
მიზეზად კი ბედუკაძის მიერ გამოძიებისთვის პატიმართა წამების შესახებ მასალების მიწოდება დასახელდა.