სემეკის თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილი ადვოკატთან ერთად შსს იმერეთის პოლიციის სამხარეო მთავარი სამმართველოში იმყოფება და გამოძიების მიერ მის წინააღმდეგ მოპოვებულ მტკიცებულებებს ეცნობა.
სავარაუდოდ, 14:00 საათისთვის კი სასამართლო სხდომა გაიმართება. ამ დროისთვის უცნობია მოითხოვს თუ არა ბრალდების მხარე ჩალაგაშვილისთვის ამღმკვეთი ღონისძიების შეფარდებას.
ჩალაგაშვილი სამართალდამცავებმა გუშინ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაკითხეს.
გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიების მიერ დადგენილია, რომ გურამ ჩალაგაშვილი, 2013 წლის 12 იანვარს, წყალტუბოს რაიონის სოფ. ქვიტირში, რესტორან „ამირანიდან"დაუკავშირდა სს,,ენერგო პრო ჯორჯიას" დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალის დირექტორ დავით მურადაშვილს და აღნიშნულ რესტორანში ელექტროენერგიის გათიშვა დაავალა. მურადაშვილი თავის მხრივ, ტექნიკურ მენეჯერ ლევან კუპრავას დაუკავშირდა და ზემდგომის დავალება გადასცა.
მორიგე ელექტროტექნიკოსმა,ხელმძღვანელობის დავალებით, რესტორან ,,ამირანისა" და მის მიმდებარედ განთავსებული სხვადასხვა ობიექტების ელექტროენერგიის გამანაწილებელი გამორთო, რის გამოც, ქუთაისში, ასობით ოჯახს და ათამდე კერძო კომპანიას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, გურამ ჩალაგაშვილის 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
თავად ჩალაგაშვილი აღნიშნულ ბრალდებას უარყოფს და თავის ქმედებას თავის უშუალო მოვალოებად აფასებს.
როგორც ჩალაგაშვილი განმარტავს, მან „ენერგოპროს" 12 იანვრის ღამეს, ერთ-ერთ ობიექტზე მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით, გარკვეული პერიოდით ძაბვის გათიშვის მოთხოვნით მიმართა, რადგანაც მისივე თქმით, არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი, მოკლე ჩართვასთან დაკავშირებით. მისივე განმარტებით, მან ზარი ენერგოგამანაწილებელ კომაპანიაში მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე განახორციელა.