2013 წლის 18 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ბრალდებულ თეიმურაზ პატარიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე. თეიმურაზ პატარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 50000 ლარის ოდენობით.
სასამართლომ ბრალდებულ თეიმურაზ პატარიძის მიმართ აღკვეთი ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას მხედველობაში მიიღო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ბრალდებულის პიროვნება, მისი წარსული, ქმედების ხასიათი, სასამართლოსთვის თავის არიდების რისკი, საგამოძიებო ორგანოებში არაერთხელ დაბარებისა და გამოცხადების მიუხედავად, ბრალდებული არ მიიმალა და არ დაუტოვებია საქართველოს ტერიტორია. ბრალდებული არის დაოჯახებული და აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, ასევე საქმეზე შემხებლობის მქონე პირების მიმართ ზემოქმედების და ხელის შეშლის საფრთხე, რის გამოც სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენება. ამასთან ბრალდებულს დაევალა კვირაში ერთხელ გამოცხადდეს საგამოძიებო ორგანოში და მის მიმართ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, გამომძიებელს ჩააბაროს საქართველოს მოქალაქის ეროვნული პასპორტი.
გირაოს სრული მოცულობით გადახდის შემთხვევაში თეიმურაზ პატარიძე გათავისუფლდება პატიმრობიდან.
აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება 2013 წლის 14 თებერვალს 11 საათზე.