ახალი მთავრობა ეკონომიკური ამნისტიის გამოცხადებას არ აპირებს. როგორც სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დავით ებრალიძემ განმარტა, უახლოეს პერიოდში ამნისტიის გამოცხადება დღისწესრიგში არ დგას და ამნისტიის შესაძლო გამოცხადებაზე საუბარი ქვეყნის ეკონომიკაზე ნეგატიურ ასახვას პოვებს.
„ეკონომიკურ საკითხებზე ამნისტიის განცხადება ეს არის ნეგატიური ზეგავლენის მომხდენი გადასახადების ადმინისტრირების კუთხით. ამდენად ასეთი ტიპის განცხადებები არის მხოლოდ ნეგატივის მატარებელი"- განმარტავს დავით ებრალიძე.
ნოდარ ხადურის უწყება, პრეზიდენტის მიერ გახმოვანებულ ინიციატივას - ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციის თემასაც გამოეხმაურა და განმარტა, რომ ახალი მთავრობის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გადასახადების ადმინისტრირების, დავების საბჭოსა და ზოგადად „საგადასახადო კოდექსში" ბევრი სასიკეთო ცვლილება განხორციელდა, თუმც იმ სახით დეკრიმინალიზაცია, როგორც პრეზიდენტს სურს, არ მოხდება.
„რაც შეეხება დეკრიმინალიზაციას ამ კუთხით ფინანსთა სამინისტრო ისედაც დგამდა გარკვეულ ნაბიჯებს. იცით, რომ ამ კუთხით მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა დავების განხილვის საბჭოსთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურში. სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა და ამ კუთხით ზომიერების ფარგლებში ფინანსთა სამინისტრო ახალ ნაბიჯებს ისევ გადადგამს და არა ასეთი ზოგადად დეკრიმინალიზაციის კუთხით"- განმარტავს ებრალიძე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს პრეზიდენტი ეკონომიკური ამნისტიისა და ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციის ინიციატივით გამოვიდა.
„პირველი კანონპროექტი ეხება ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციას. მინდა წინაპირობა გაგაცნოთ ამ კანონპროექტის . მე ყოველდღიურად ვიღებ ეროვნული ბანკის მონაცემებს დღგ-ს, ასევე ინვესტიციების შესახებ და მინდა გითხრათ, რომ ეკონომიკაში არის საგანგაშო ტენდენციები, რაც შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. პარალელურად საქართველოს მთავრობა სხვადასხვა უცხოელ ინვესტორებს ეუბნება, რომ შემდეგი სამი წელი საქართველოში არ იქნება ეკონომიკური ზრდა, მაშინ როცა გასულ წელს უკვე პროგნოზირებული იყო რვა პროცენტიანი ზრდა. სამწუხაროდ, ამ მაჩვენებელმა არჩევნების შემდეგ, დაახლოებით ექვს ნახევარ პროცენტზე დაიწია. წლევანდელი წელი ძალიან ცუდი მონაცემებით დაიწყო. ამ სიტუაციაში ჩვენ გვჭირდება განსაკუთრებული ზომების მიღება, რათა ინვესტორები დაბრუნდნენ , ბიზნესაქტიურობა გაძლიერდეს. ამ მხრივ, ჩვენ შევთავაზეთ საქართველოს მთავრობას ერთის მხრივ, ის ხუთპუნქტიანი გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ერთად მივიდეთ ინვესტორებთან, ერთად ჩავატაროთ კონფერენციები, ერთად დავიწყოთ შეჩერებული პროექტების აღდგენა. მეორეს მხრივ, ვეცადოთ რაღაც განსაკუთრებული გავაკეთოთ ქვეყნისთვის. ამ რეცეპტებზე შორს სიარული არ გვინდა. 2004 წელს, ვარდების რევოლუციის შემდეგ ჩემმა მთავრობამ გამოაცხადა ეკონომიკური ამნისტია და მე ვთავაზობ, ახლაც საგანგებო ეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით, ყველა იმ საგადასახადო და ეკონომიკურ დავალიანებაზე ამნისტია გამოაცხადონ, რომელიც 2013 წლამდე გააჩნდათ მეწარმეებს. ამის პარალელურად მოახდინოს ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია, რომ არ იყოს გამოყენებული საპატიმრო სანქციები ეკონომიკურ დანაშაულზე და მითუმეტეს არც წინასწარი პატიმრობა. ეს არის ჩვენი პირველი საკანონმდებლო შეთავაზება"- განაცხადა პრეზიდენტმა.