შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, 1976 წელს დაბადებული დავით ტ. დააკავეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებული, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, 2013 წლის 11 იანვარს დააკავეს. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ქაღალდის კონვერტში მოთავსებული, 8 უფერული, გამჭვირვალე ფირფიტა ამოიღეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ აღნიშნული ფირფიტები - ძლიერმოქმედ ნარკოტიკულ საშუალება „ფენტალინ"-ს შეიცავს, რომელიც დაკავებულს საფრანგეთიდან ფოსტით გამოუგზავნეს.
საქმე საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით აღიძრა. აღნიშნული დანაშაული 8-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. გამოძიებას შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის I მთავარი სამმართველოს I სამმართველოს II განყოფილება აწარმოებს.