საქართველო საციგაო ცენტრს ააშენებს, რომელსაც ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადაზე ტრაგიკულად დაღუპული ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელი მიენიჭება.
განცხადება ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა საერთაშორისო მედიისთვის გააკეთა. ინტერვიუში, რომელიც "ბი-ბი-სიმ" უკვე გადასცა, სააკაშვილი აცხადებს, რომ ქუმარიტაშვილის ტრაგედიამ ახალი თაობა არ უნდა შეაშინოს და სპორტის ეს სახეობა კიდევ უფრო უნდა განვითარდეს.
ქვეყნის პირველმა პირმა მომხდარის დეტალებზე და ძიების ვერსიაზეც ისაუბრა და მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი ვერსიით, ტრაგედია სპორტსმენის შეცდომას უკავშირდება, დასძინა, რომ სპორტში შეცდომები ფატალურად არ უნდა სრულდებოდეს.
"ჩვენ ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის საციგურაო ტრასას ავაგებთ. ასეთი ტრასა დღემდე საქართველოში არ არსებობდა და მე შევთავაზე მთავრობას, სპორტის ამ სახეობის განვითარება დაღუპული სპორტსმენის პასივსაცემად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ახალგაზრდა თაობამ მიბაძოს ნოდარ ქუმარიტაშვილს და მიაღწიოს ისეთ წარმატებას, რომელზეც ნოდარი ოცნებობდა. ამ ტრაგედიამ არ უნდა შეაშინოს მომავალი თაობა. საერთაშორისო ფედერაციამ გუშინ განაცხადა, რომ ტრაგედია ადამიანურმა შეცდომამ გამოიწვია, მაგრამ მიმაჩნია, რომ სპორტსმენის შეცდომა ფატალური შედეგით არ უნდა მთავრდებოდეს. შეცდომა ხომ ყველას მოსდის. არსებობს მოსაზრება, რომ ტრასის კედელი უფრო მაღალი უნდა ყოფილიყო. დღეს ეს კედელი უფრო მაღალი იქნება, თუმცა უმჯობესი იქნებოდა, სპორტსმენების თხოვნა გათვალისწინებული მანამდე ყოფილიყო", - განაცხადა სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 21 წლის ქართველი სპორტსმენი, მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი ოლიმპიადის წინა შესარჩევი გარბენის დროს გარდაიცვალა. Y