დღეს, 14 თებერვალს, შენდობის დღე აღინიშნება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საპატრიარქოდან აცნობეს, დღეს საღამოს ყველა ტაძარში საგანგებო ღვთისმსახურება აღესრულება, რომლის დროსაც შენდობის ლოცვები იკითხება. ამის შემდეგ, ეკლესიის ყველა წევრი ერთმანეთისგან შენდობას ითხოვს და თავადაც ყველას პატიობს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე შენდობის წესს სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს, თუმცა იქამდე ჩვეულებრივ, საღმრთო ლიტურგიას ჩაატარებს.
შენდობის წესის დროს კათოლიკოს-პატრიარქი თავად ითხოვს შენდობას. უწმინდესის მიერ შენდობის წესის შესრულებას საქართველოს ყველა ეპისკოპოსი დაესწრება.
ბიბლიის მიხედვით, პირველქმინილი ადამიანების მიერ სამოთხის დატოვების მიზეზი სინანულის უქონლობა გახდა. ამიტომ, ეს დღე საყოველთაო სინანულისკენ მოწოდებაა, რადგან მარხვის დარღვევით დაიკარგა სამოთხე, მარხვის დაცვით კი იგი მოიპოვება.
აღსანიშნავია, რომ დღესვე აღინიშნება მირქმა. მირქმა - ღვთისადმი მიგებების დღესასწაული, უფლის 12 დღესასწაულთა შორის ერთ-ერთი უდიდესია.
იუდეველთა წესის მიხედვით, პირველშობილი ყრმა მე-40 დღეს ღვთისთვის უნდა შეეწირათ. ამ დღეს ყრმა იესო ღვთისმშობელმა მარიამმა და მართალმა იოსებმა ტაძრად მიიყვანეს.
წელს დიდმარხვა 15 თებერვლიდან იწყება და 4 აპრილს, უფლის ბრწყინვალე დღესასწაულით დასრულდება.