ვაზნების საქმესთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის შემდეგი სასამართლო პროცესი 18 იანვარს, 14:00 საათზე ჩაინიშნა. სასამართლო პროცესზე დაიკითხება ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილი.
ეს გადაწყვეტილება დღევანდელ პროცესზე მოსამართლე ზვიად ესებუამ მიიღო.
დღევანდელ პროცესზე დაიკითხა თავდაცვის სამინისტროს იურიდიული სამსახურის წარმომადგენელი გიორგი ცაბაძე.
მისი თქმით, ირაკლი ოქრუაშვილის მინისტრობის პერიოდში თავდაცვის სამინისტრომ შეიძინა უხარისხო ვაზნები. ცაბაძის თქმით, ვაზნები უნდა ყოფილიყო ქარხნული წარმოების, ანუ პირველი კატეგორიის, თუმცა ნაწილი აღმოჩნდა მეორე კატეგორიის. ამასთან დაკავშირებით დაცვის მხარემ განაცხადა, რომ არც ერთ დოკუმენტში არ იყო მითითებული, თუ რომელიც კატეგორიის უნდა ყოფილიყო ვაზნები.
ოქრუაშვილის ადვოკატის ზვიად კორძაძის თქმით, მოწმემ საერთოდ ვერ განმარტა, თუ რას ედავება სახელმწიფო ირაკლი ოქრუაშვილს და რაში სდებს ბრალს. კორძაძის განცხადებით, იმედოვნებს, რომ სასამართლო ირაკლი ოქრუაშვილს მოუხსნის ამ უსაფუძვლო ბრალდებას, ხოლო იმ შემთხვევაში თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ისინი გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრდება.