შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" 10 წამყვანი უმაღლესი სასწავლებლის 300-ზე მეტ წარჩინებულ სტუდენტს შეხვდა.
შეხვედრის დასაწყისში, ახალგაზრდებს მინისტრმა საკუთარი ბიოგრაფია გააცნო. შემდეგ, მან პირველად წარადგინა შსს-ს სისტემის განვითარების 2013 წლის სტრატეგია.
მინისტრის განცხადებით, სტრატეგიის გეგმა მან პირველ რიგში სტუდენტებს წარუდგინა, რადგან სწორედ ახალგაზრდები უნდა გახდნენ იმის გარანტი, რომ ზოგადად ქვეყანა და თუნდაც, სამართალდამცავი სტრუქტურები გაჯანსაღდეს.
ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა სტუდენტებს ახალი ინიციატივა გააცნო და სამინისტროში დასაქმება შესთავაზა. მისი თქმით, ის პირადად მიიღებს სტუდენტებისგან მონაცემებს, მოხდება მათი კატეგორიზაცია და იმ შემთხვევაში, თუ იქნება სტუდენტების მხრიდან ინტერესი, ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ წარჩინებული ახალგაზრდები დასაქმდნენ.
სამინისტროს სისტემის განვითარების სტრატეგიის გეგმის პრეზენტაციის შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სტუდენტების მხრიდან, 30-მდე შეკითხვა დაისვა, რომელთაც მინისტრმა ამომწურავი პასუხები გასცა. ახალგაზრდების შეკითხვები აქტუალურ საკითხებს ეხებოდა, მათ შორის, ამნისტიის კანონთან დაკავშირებით მინისტრის პოზიციას, სამინისტროს რესტრუქტურიზაციის პროცესს, კიბერდანაშაულთან, ქურდულ მენტალიტეტთან და „მოსმენების ინსტიტუტთან" ბრძოლას და სხვ.
შეხვედრა 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. მისი დასრულების შემდეგ, მინისტრისა და სტუდენტების ურთიერთობა არაფორმალურ გარემოში გაგრძელდა.
მათ ირაკლი ღარიბაშვილს ავტოგრაფები ჩამოართვეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.