თბილისის საქალაქო სასამართლომ სამსახურეობრივი გულგრილობის საკითხზე, თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილის აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო 15 000 ლარის გადახდა დააკისრა.
"პროკურატურამ დააყენა შუამდგომლობა ირაკლი ოქრუაშვილის გირაოს 15 000 ლარის შეფარდების შესახებ, რომელიც სასამართლომ ორსაათნახევრიანი თათბირის შემდეგ დააკმაყოფილა და ოქრუაშვილი გათავისუფლდა სასამართლოს დარბაზიდან", -განაცხადა პროცესის დასრულების შემდეგ ოქრუაშვილის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ.
საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, 2013 წლის 11 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში სამსახურეობრივი გულგრილობის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაკმაყოფილდა ბრალდების მხარის შუამდგომლობა, ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ გამოყენებული აღკვეთი ღონისძიების პატიმრობის - გირაოთი, 15 000 ლარის ოდენობით შეცვლის თაობაზე. ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. გირაოს თანხის გადახდის ან შესაბამისი ღირებულების უძრავი ქონებით გირაოს უზრუნველყოფის ვადად განისაზღვრა 30 დღე.
აღკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხის განხილვისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ დაკითხულია საქმესთან შემხებლობის მქონე თითქმის ყველა მოწმე და აღარ არსებობს ბრალდებულის მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე, შესაბამისად არ არსებობს სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენისათვის ხელის შემშლელი ფაქტორები.
საქმის არსებითი განხილვის მომდევნო სხდომა დაინიშნა 2013 წლის 15 იანვარს 15:00 საათზე.
შეგახსენებთ, რომ ოქრუაშვილს სამსახურებრივ გულგრილობასთან დაკავშირებით ჰქონდა აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეფარდებული. ამასთან დღესვე დაგეგმილია მეორე პროცესი რომელიც შეიარაღებული ფორმირების შექმნასა და ხელმძღვანელობას შეეხება. ამასთან ააპელაციო სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს 11-წლიანი პატიმრობა მოუხსნა. ოქრუაშვილი სხდომის დარბაზიდან ვერ გათავისუფლდა, რადგან მის წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სხვა საქმეები იხილება.
სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რომლის თანახმადაც, ბრალდების მხარემ ოქრუაშვილისთვის ბრალის მოხსნის შესახებ შუამდგომლობა თავად დააყენა. ბრალდების მხარის განცხადებით, "ჯეოსელის" წილების გამოძალვის ეპიზოდთან დაკავშირებით არსებულ მტკიცებულებებში ოქრუაშვილის ბრალეულობა არ იკვეთება.
დაზარალებული "ჯეოსელის" ყოფილი მეწილე ჯემალ სვანაძე პროკურორების შუამდგომლობას ოქრუაშვილისთვის ბრალის მოხსნის შესახებ, დაეთანხმა და აღნიშნა, რომ მას საქმე არა - ოქრუაშვილთან, არამედ ქიტოშვილთან აქვს.
ბრალდების მხარის განცხადებით, ისინი გამოითხოვენ კომუნიკაციის მარეგულირებელი კომისიის ყოფილი თავმჯდომარის დიმიტრი ქიტოშვილის იმ ჩვენებას, რომელშიც ის აცხადებს, რომ მისი და ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენება ზეწოლისა და მუქარის შედეგად მიაცემინეს.