თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ორი სასამართლო პროცესი გაიმართება. პირველი პროცესი 14:00 საათზეა ჩანიშნული რომელიც სამსახურებრივ გულგრილობას შეეხება. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მტკიცებულებათა გამოკვლევა და დაზარალებულის დაკითხვაა დაგეგმილი. ხოლო მეორე პროცესი რომელიც შეიარაღებული ფორმირების შექმნასა და ხელმძღვანელობას შეეხება საქალაქო სასამართლოში 16:00 საათზე განხილვა.
"14:00 საათზე განახლდება პროცესი, რომელზეც განიხილება სამსახურეობრივი გულგრილობის საკითხი, ხოლო ოთხ საათზე გაგრძელდება შეიარაღებული ფორმირებებთან დაკავშირებული პროცესი. ორ საათზე დაგეგმილ პროცესს რაც შეეხება ეს არის პროცესი, რომელზეც ირაკლი ოქრუაშვილს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული და თუ სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოტანა, ან შეცვალა აღმკვეთი ღონისძიება, მაშინ შესაძლებელია ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლება", _ განაცხადა ჟურნალისტებთან ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ.
შეგახსენებთ, რომ სააპელაციო სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს 11-წლიანი პატიმრობა მოუხსნა. ოქრუაშვილი სხდომის დარბაზიდან ვერ გათავისუფლდა, რადგან მის წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სხვა საქმეები იხილება.
სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რომლის თანახმადაც, ბრალდების მხარემ ოქრუაშვილისთვის ბრალის მოხსნის შესახებ შუამდგომლობა თავად დააყენა. ბრალდების მხარის განცხადებით, "ჯეოსელის" წილების გამოძალვის ეპიზოდთან დაკავშირებით არსებულ მტკიცებულებებში ოქრუაშვილის ბრალეულობა არ იკვეთება.
დაზარალებული "ჯეოსელის" ყოფილი მეწილე ჯემალ სვანაძე პროკურორების შუამდგომლობას ოქრუაშვილისთვის ბრალის მოხსნის შესახებ, დაეთანხმა და აღნიშნა, რომ მას საქმე არა - ოქრუაშვილთან, არამედ ქიტოშვილთან აქვს.
ბრალდების მხარის განცხადებით, ისინი გამოითხოვენ კომუნიკაციის მარეგულირებელი კომისიის ყოფილი თავმჯდომარის დიმიტრი ქიტოშვილის იმ ჩვენებას, რომელშიც ის აცხადებს, რომ მისი და ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენება ზეწოლისა და მუქარის შედეგად მიაცემინეს.