სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტების დამზადების ფაქტებზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს თამანშრომლებმა დააკავეს ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნიის ადმინისტრაციის და საფინანსო სამეურნეო სამსახურის უფროსი ზურაბ კასრაძე.
გამოძიებით დადგინდა, რომ ზ. კასრაძე, გუბერნიიის ადმინისტრაციულ შემობაში, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, ქალაქ რუსთავის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთების მფლობელ კერძო პირებთან აწარმოებდა მოლაპარაკებას და სთავაზობდა აღნიშნული ნაკვეთები, ავტობაზრობის მოსაწყობად, ერთერთი შპს-ს დამფუძნებლებისთვის მიეყიდათ. საკუთარ კაბინეტში პირადად უხდიდა მფლობელებს მიწის ნაკვეთების თანხას და ხელს უწყობდა გადაფორმებაში. ასევე, აღნიშნული პირი ნასყიდობის ხელშეკრულებაში უთითებდა გაცილებით მეტი ოდენობის თანხას, ვიდრე რეალურად გადასცემდა მფლობელებს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით და 210 - ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 დან 7 წლამდე ვადით.