სააპელაციო სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს 11-წლიანი პატიმრობა მოუხსნა. ოქრუაშვილი სხდომის დარბაზიდან ვერ გათავისუფლდა, რადგან მის წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სხვა საქმეები იხილება.
სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რომლის თანახმადაც, ბრალდების მხარემ ოქრუაშვილისთვის ბრალის მოხსნის შესახებ შუამდგომლობა თავად დააყენა. ბრალდების მხარის განცხადებით, "ჯეოსელის" წილების გამოძალვის ეპიზოდთან დაკავშირებით არსებულ მტკიცებულებებში ოქრუაშვილის ბრალეულობა არ იკვეთება.
დაზარალებული "ჯეოსელის" ყოფილი მეწილე ჯემალ სვანაძე პროკურორების შუამდგომლობას ოქრუაშვილისთვის ბრალის მოხსნის შესახებ, დაეთანხმა და აღნიშნა, რომ მას საქმე არა - ოქრუაშვილთან, არამედ ქიტოშვილთან აქვს.
ბრალდების მხარის განცხადებით, ისინი გამოითხოვენ კომუნიკაციის მარეგულირებელი კომისიის ყოფილი თავმჯდომარის დიმიტრი ქიტოშვილის იმ ჩვენებას, რომელშიც ის აცხადებს, რომ მისი და ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენება ზეწოლისა და მუქარის შედეგად მიაცემინეს.