2013 წლის 9 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა მოსარჩელე "რუსთავის მედიის მართვის კომპანიის" სარჩელი, მოპასუხე "სტუდია მაესტროს" პარტნიორების და შპს "სტუდია მაესტროს" მიმართ, 7 341 670 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს, მხარეებს შორის დავის საგანს წარმოადგენდა "სტუდია მაესტროსა" და "რუსთავის მედიის მართვის კომპანიას" შორის დადებული ხელშეკრულების პირობების დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, ასევე ზიანის ანაზღაურება საქმიანი რეპუტაციის შელახვისათვის.
შეჯიბრობითობის და თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მათ შორის მხარეთა ახსნა-განმარტებების შესწავლის შედეგად, სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელემ ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით ვერ დაასაბუთა აღძრული სარჩელი. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ასევე ყადაღა მოეხსნა შპს "სტუდია მაესტროს" პარტნიორების წილებს. შესაბამისად გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე პარტნიორებს აღუდგებათ კუთვნილი წილების გასხვისების უფლებაც.
აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში.