2013 წლის 6 იანვარს, შს ფოთის პოლიციის საქალაქო სამმართველოს და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, 1970 წელს დაბადებული, განსაკუთრებით საშიში რეციდივისტი გურამ ლ. ყაჩაღობისთვის, იმავე დღესვე, მომხდარიდან რამდენიმე საათში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს სპეცრაზმის თანხლებით დააკავეს.
აღნიშნული პიროვნება, 6 იანვარს გამთენიისას, ცეცხლსასროლი იარაღით თავს დაესხა ფოთში მცხოვრები მამუკა სანაიას ოჯახს და სიცოცხლისთვის საშიში ძალადობით, პერსონალური კომპიუტერი და მობილური ტელეფონი გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გურამ ლ. წარსულში მრავალჯერაა ნასამართლევი საქართველოს სისხლის სამართლის (ძველი რედაქციის) კოდექსის - განზრახ მკვლელობის, სატრანსპორტო საშუალების გატაცების, ყალბი დოკუმენტის გამოყენების, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების, გატაცების, ბანდიტიზმის, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მოწყობილი ბუნტისა და მისჯილი პატიმრობიდან გაქცევის, მძევლების აყვანის - მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულებებისათვის. მას, სულ ჯამში, 22 წელი აქვს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გატარებული.
გამოძიებას ფოთის პოლიციის საქალაქო სამმართველო აწარმოებს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით. ჩადენილი დანაშაული რვიდან თორმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.