სამართალდამცავებმა ყაჩაღობის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, სენაკში მცხოვრები, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი, 1977 წელს დაბადებული ზვიადი მ. დააკავა.
აღნიშნულმა პირმა, დაკავებისას პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწია და ხელყუმბარის აფეთქება სცადა. სამართალდამცავებმა მისი ქმედება დროულად აღკვეთეს. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 2 ცალი „რგდ-5"-ის ტიპის ხელყუმბარა, „აკ-74"-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 62 ვაზნა, „იჟ-17" მოდელის 20 კალიბრიანი გადაჭრილი სანადირო თოფი და 2 მჭიდი ამოიღეს.
ზვიად მ-სთან ერთად, სამართალდამცავებმა ასევე დააკავეს სენაკში მცხოვრები, 1982 წელს დაბადებული სერგეი ჩ, რომლის პირადი ჩხრეკისას 1 „რგდ-5"-ის ტიპის ხელყუმბარა ამოიღეს.
ზვიად მ. შემოწმდა სამეგრელო-ზემო სვანეთის საექსპერტო- კრიმინალისტიკურ სამსახურში, რის შედეგადაც დადგინდა, რომ დაკავების მომენტში, ის ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
ორივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
აღნიშნულ ფაქტზე, სენაკის რაიონულ სამმართველოში ამ ეტაპზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის, ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო, შეძენა, შენახვა) და 353-ე მუხლით (პოლიციელზე თავდასხმა). გამოძიებას სენაკის რაიონული პოლიციის სამმართველო აწარმოებს.