2012 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების სახით მობილიზებულია 6 311.1 მლნ ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (6 300.0 მლნ ლარი) 100.2 პროცენტია, ხოლო გადაჭარბება შეადგენს 11,1 მლნ ლარს.
2012 წელს 2011 წელთან შედარებით გადასახადების ფაქტიური მაჩვენებელი 8,8 პროცენტით გაიზარდა, რაც ნომინალურ გამოხატულებაში 509,0 მლნ ლარს შეადგენს.
ეს ფაქტი მოწმობს, რომ ეკონომიკური აქტივობა ქვეყანაში ფინანსთა სამინისტროს 2012 წლის მაკროეკონომიკურ პროგნოზებთან აბსოლუტურ შესაბამისობაშია. საგადასახადო შემოსავლების გადაჭარბებით შესრულება ადასტურებს, რომ ახალი პოლიტიკური გუნდის მოსვლის შემდეგ, ქვეყანაში სტაბილურია შემოსავლების მობილიზების კუთხით არსებული დადებითი ტენდენცია, ეფექტურად მუშაობენ ფისკალური სამსახურები, ბიზნესის პოლიტიკური წნეხისგან გათავისუფლების ხარჯზე გაზრდილია ბიზნეს და საინვესტიციო აქტივობა, რაც მთავრობის პროგნოზით, კიდევ უფრო წარმატებით გაგრძელდება 2013 წელს.
სწორედ 2012 წლის ამ დროისთვის უკვე შესრულებული პროგნოზები დაედო საფუძვლად 2013 წლის საკმაოდ კონსერვატიულ მაკროეკონომიკურ პროგნოზებს და 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პარამეტრებს.
აღნიშნული მაჩვენებლები მთავრობას, ფინანსთა სამინისტროს, საშუალებას აძლევს შეუფერხებლად შეასრულოს ჩვენი თანამოქალაქეების წინაშე აღებული ვალდებულებები, განახორციელოს ყველა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის დაფინანსება, მოიზიდოს ინვესტიციები ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ასევე ქვეყნისთვის სხვა პრიორიტეტულ სექტორებში.