აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმში, კერძო თუ საჯარო სექტორების მიერ მრავალი საახალწლო ღონისძიებაა დაგეგმილი. ქალაქის მერიის ორგანიზებით 2013 წლის დადგომასთან ერთად ჩატარდება შემდეგი კონცერტები: 30 დეკემბრიდან 7 იანვრამდე - ყინულის სასახლეში ჩატარდება უფასო საახალწლო შოუ-პროგრამა ბავშვებისათვის (მოსაწვევები 16 600 ბავშვზე)
31 დეკემბერი - დღის განმავლობაში ქალაქის ცენტრალურ ადგილებში ჩატარდება კოსტუმირებული და საკონცერტო მსვლელობები, საბავშვო კონცერტები. საღამოს 23:00 საათიდან ბათუმის პიაცას მოედანზე გაიმართება საახალწლო კონცერტი.
2 იანვარი - მერიის ორგანიზებით ბათუმის ცენტრალურ გამზირზე (მემედ აბაშიძის გამზირი) ჩატარდება კულინარიული გამოფენა, რომელშიც ჩართული იქნება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტი, რომლებიც წარმოაჩენენ თავიანთი კუთხის პროდუქციასა და ტრადიციულ კერძებს. ამავე დღეს გამზირზე იმოძრავებს ფიფქიებისა და სანტა-კლაუსების ფლეშ-მობი, თეატრალიზებული კოსტუმებით მსვლელობები. პარალელურად ბათუმის კინო-თეატრი „აპოლო" უმასპინძლებს 15-მდე ახალგაზრდა რეჟისორების ფილმის ჩვენებას.
2 იანვრიდან 7 იანვრამდე - ბათუმის „საოცრებათა პარკში" აღმართულ მთავარ ნაძვის ხესთან ყოველდღიურად გაიმართება საბავშვო სტუდიების კონცერტები, თოჯინების სპექტაკლები და ახალგაზრდული თეატრალური წარმოდგენები.
მერიის საახალწლო ღონისძიებების გარდა ბათუმის დიდი სასტუმროები და კაფე-რესტორნები სპეციალური საახალწლო-გასართობი ღონისძიებებით ხვდება 2013 წელს. საქართველოში ცნობილი თანამედროვე მომღერლები ნიაზ დიასამიძე, სალომე ქათამაძე, ჯგუფი „ფრანი", სოფო ხალვაში, დავით ევგენიძე და სხვები სხვადასხვა სივრცეში ჩაატარებენ კონცერტებს ბათუმელებისა და მათი სტუმრებისათვის. სპეციალურად მოწვეული დიჯეები სხვადასხვა ღამის კლუბებსა და ლაუნჯებში გვიან ღამემდე გააგრძელებენ საახალწლო საღამოებს.