თავის მოვლის საშუალებების სექტორში მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე მაღალშემოსავლიანმა კორპორაციამ, Procter & Gamble-მა (P&G-მ), ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ „ტელეიმედთან“ თანამშრომლობა შეწყვიტა.
ინფორმაციას City AM ავრცელებს.
„Procter & Gamble-მა კრემლის პროპაგანდისტულ არხთან ურთიერთობა შეწყვიტა“, - ამ სათაურით გამოაქვეყნა ინფორმაცია ბრიტანულმა გამოცემა City A.M.-მა 23 ივნისს.
გამოცემის ცნობით, კომპანია აგრძელებდა რეკლამების განთავსებას ტელეკომპანია „იმედზე“, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი თებერვალში გაერთიანებული სამეფოს მთავრობის სანქციების სიაში შეიტანეს.
კორპორაცია აერთიანებს ისეთ პროდუქტებს, როგორებიცაა „პამპერსი“, Head & Shoulders-ი, Pantene-ი, Braun-ი, Gillette-ი, Oral-B, Ariel-ი, Tide-ი და სხვები.
„P&G იცავს კანონს ყველა ბაზარზე, სადაც მომხმარებლებს ვემსახურებით და ჩვენ ვიყენებთ მკაცრ მიდგომას სანქციების დაცვის მიმართ, მედია შესყიდვების პრაქტიკის ჩათვლით. ჩვენ არ დაგვირღვევია გაერთიანებული სამეფოს სანქციების რეჟიმი. თუმცა, ნებაყოფლობით შევცვალეთ მიდგომა და შევაჩერეთ საქართველოში ტელეკომპანია „იმედიდან“ რეკლამირება“, - აღნიშნა Procter & Gamble-ის პრესსპიკერმა.
City AM-ის ცნობით, მსგავსი გამოძიება დაიწყო Nestle-მაც და გამოძიებას კომპანიის გლობალური იურიდიული ხელმძღვანელი, ლიან ჯილი ხელმძღვანელობს.