საქართველოს 32 ქვეყანასთან ორმხრივი ინვესტიციების დაცვის ხელშეკრულების გაფორმება აქვს შეჩერებული, ამის შესახებ განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 2012 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მინისტრის თქმით, იმ სავალალო მდგომარეობის გამო, რაც ქვეყანაში საკუთრების უფლების დაცვასთან დაკავშირებით არსებობდა, წინა ხელისუფლებამ ხელშეკრულებების გაფორმება შეაჩერა.
„ეს ქვეყნები დღეს ამ მოლაპარაკებების განახლებას ელოდებიან და ჩვენ იუსტიციის სამინისტროსთან ერთად გადავწყვიტეთ 32 სახელმწიფოსთან დავიწყოთ მოლაპარაკებები. აღნიშნულ ხელშეკრულებებს აქვს უდიდესი მნიშვნელობა, რადგანაც არც ერთი სერიოზული ინვესტორი არ განიხილავს საქართველოში ინვესტირებას თუ კი არ არსებობს ინვესტიციების დაცვის ორმხრივი ხელშეკრულებები"- აცხადებს მინისტრი.
მინისტრი განმარტავს, რომ სწორედ ასეთი ხელშეკრულებების გაფორმებას, ბევრი ინვესტორი ელოდება, რათა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს.