საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია 49-ე დღეა შიმშილობს. როგორც სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით ასათიანმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, მას უკვე გარკვეული სისუსტე აღენიშნება, თუმცა მხნედ არის.
"რაც მთავარიამ, ტემპერატურა და არტერიული წნევა ნორმის ფარგლებში აქვს", - განაცხადა ასათიანმა, რომლის განმარტებითაც, გამსახურდია მხოლოდ სასმელ წყალს იღებს.
მისივე განმარტებით, პირველი პრეზიდენტის ვაჟი, რომელიც მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაშია მოთავსებული, სამედიცინო პერსონალის 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
"ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის მიერ განსაკუთრებულ კონტროლზეა აყვანილი", - განმარტა მან.