ხვალ, 25 იანვარს, 12:00 საათზე, წინა ხელისუფლების მიერ დაზარალებული ინდმეწარმეები და საქველმოქმედო ფონდების წარმომადგენლები გენერალურ პროკურატურასთან აქციას გამართავენ. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ინდმეწარმე ლია გუჯეჯიანმა განუცხადა, აქციის მიზანია, რომ მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა მათი პრობლემების შესახებ შეიტყოს. აქციის ორგანიზატორთა განმარტებით, მათი საქმის პროკურორი მერაბ ჯერანაშვილი, რომელიც, გუჯეჯიანის თქმით, მათ სახელებში შეუვარდა, დღეს პროკურორის თანამდებობაზე მუშაობას აგრძელებს.
"ეს ადამიანი პროკურორის თანამდებობაზე აგრძელებს მუშაობას, რაც დაუშვებელია და გვინდა ჩვენი პრობლემების შესახებ არჩილ კბილაშვილმაც შეიწყოს", - აცხადებს გუჯეჯიანი.
მისი თქმით, საქმე ეხება გასულ წელს მომხდარ ინციდენტს, როდესაც მთავრობამ საქველმოქმედო ორგანიზაციების შეზღუდვა დაიწყო.
გუჯეჯიანი ამბობს, რომ 10 წლის განმავლობაში ამ საქველმოქმედო ორგანიზაციებს საქართველოში სხვადასხვა სახის ტვირთი შემოქონდათ და მათ, როგორც კომერციულ ტვირთს ისე აბაჟებინებდნენ. შემდგომ აღნიშნული ტვირთების ნაწილის რეალიზაცია ხდებოდა, ხოლო ნაწილი საქველმოქმედო დანიშნულებით გამოიყენებოდა. თუმცა როგორც დაზარალებული მეწარმე განმარტავს, შემდგომ აღნიშნული ქმედება ხელისუფლებამ კრიმინალად გამოაცხადა და დააპატიმრა როგორც საქველმოქმედო ორგანიზაციების, ასევე მეწარმეები. დაზარალებულის ინფორმაციით, სულ 110 ადამიანი დააპატიმრეს, რომლებიც შემდგომ საპროცესო გარიგებით გაუშვეს. ამ დროისთვის საპატიმროში მხოლოდ ერთი ადამიანი, საქველმოქმედო ფონდ „მომავლის გზის" წარმომადგენელი ალექსდი ხუროშვილი იმყოფება, რომელზედაც ზეწოლა ხორციელდება.