2012 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 2549 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 16 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 327 მლნ. აშშ დოლარი იყო (11 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი - 2222 მლნ. აშშ დოლარი (22 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 27 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 15 პროცენტი და იმპორტში 31 პროცენტი. (2011 წლის იანვარ-ნოემბერში - შესაბამისად 27, 19 და 29 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 38 პროცენტი (2011 წლის იანვარ-ნოემბერში - 33 პროცენტი).
შეგახსენებთ, რომ „საქსტატის" ინფორმაციით, 2012 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 9352 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 13 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 2179 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (13 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი - 7173 მლნ. აშშ დოლარს (13 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2012 წლის იანვარ-ნოემბერში 4995 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 53 პროცენტი შეადგინა.