სურსათის ეროვნული სააგენტო აფრთხილებს მოსახლეობას, თავი შეიკავოს წინასაახალწლო პერიოდში გარევაჭრობის ადგილებში ისეთი მალფუჭებადი პროდუქტების შეძენისგან, როგორიცაა ხორცი და ხორცის პროდუქტები, რძე და რძის ნაწარმი.
გვინდა გაცნობოთ, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი არ ვრცელდება გარევაჭრობის ადგილებში და გართულებულია არარეგისტრირებული მოვაჭრეების კონტროლი. შესაბამისად, მოსახლეობა არ იქნება დაცული მავნებელი სურსათის შეძენისგან. ხშირია შემთხვევები, როდესაც ქუჩაში, ყოველგვარი სანიტარული ნორმების დაცვის გარეშე იყიდება საეჭვო წარმოშობის და ხარისხის ხორცპროდუქტები, მათ შორის ცხენის და სხვა ცხოველების ხორცი, რომლის ამოცნობა მოსახლეობისთვის რთულია.
სარეალიზაციო ობიექტებში - მაღაზიებში, ბაზრობებზე იყიდება ისეთი ხორცპროდუქტები, რომელსაც თან ახლავს სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოს წარმომადგენლის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მის წარმომავლობას და უვნებლობას, ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოსახლეობას, შეიძინოს სურსათი ორგანიზებული ხასიათის სავაჭრო ადგილებში.
მასალის გამოყენების პირობები