თბილისის საქალაქო სასამართლომ დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით დაკავებულ ექვსივე პირს აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.
ნიკა გვარამიას, ალექსანდრე ხეთაგურს, კახა დამენიასა და დევი კანდელაკს გირაოს სახით 30 - 30 000 ლარის გადახდა დაეკისრათ, გიორგი ნემსიწვერიძესა და იზაბელა გუტიძეს კი - 15 000 ლარი.
ბრალდებულებს გირაოს თანხის გადასახდელად 20-დღიანი ვადა მიეცათ. სასჯელაღსრულების დაწესებულებებს ისინი ამ თანხის გადახდის შემდეგ დატოვებენ.
საქმეზე წინა სასამართლოს სხდომა 31 იანვრის, 14:00 საათისთვის ჩაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ 19 დეკემბერს დაკავებულ პირებს ბრალი ცრუ მეწარმეობაზე, საგადასახადო დოკუმენტაციის გამოყენება-გაყალბებასა და დიდი ოდენობის ქრთამის აღებისთვის წაუყენეს. როგორც ჟურნალისტებთან ბრალდებულის ადვოკატებმა განაცხადეს, მათი დაცვის ქვეშ მყოფები თავს დამნაშავედ არ ცნობენ და დუმილის უფლებას იყენებენ. ადვოკატების ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე ისინი აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას მოითხოვენ.