სამართალდამცავებმა ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ვერა ქობალია, მოწმის სტატუსით მოდული შენობაში დაიბარეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ეკონომიკის ყოფილ მინისტრს ბანკ "ქართუსთან" დაკავშირებით დაუსვამენ შეკითხვებს.
ამავე თემაზე სამართალდამცაველები უკვე სამი საათია ენერგეტიკისა და ფინანსთა ყოფილ მინისტრს, ალექსანდრე ხეთაგურს კითხავენ.
ვერა ქობალიას 2012 წლის 25 ოქტომბრამდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტი ეკავა. ვერა ქობალია დაიბადა 1981 წლის 24 აგვისტოს ქალაქ სოხუმში. აფხაზეთში განვითარებული მოვლენების შედეგად 1996 წელს ოჯახთან ერთად ემიგრირებული იყო კანადაში. 2010 წლის თებერვალში ვერა ქობალია დაბრუნდა საქართველოში და სათავეში ჩაუდგა არასამთავრობო ორგანიზაციას - „კოალიცია სამართლიანობისათვის", რომელიც დევნილთა უფლებების დაცვის საკითხებზე მუშაობდა.
„მსოფლიოს ეკონომიკურმა ფორუმმა" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვერა ქობალია 2012 წლის ახალგაზრდა მსოფლიო ლიდერად დაასახელა. იგი ერთადერთი ქართველი პოლიტიკოსია, რომელმაც საქართველოდან მსგვასს ნომინაციაში გაიმარჯვა. კენჭისყრა ჟენევაში გაიმართა. ახალგაზრდა ლიდერს მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად „მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმი" მათი პროფესიული მიღწევებისა და საზოგადოების წინაშე ნაკისრი ვალდებულებების მიხედვით არჩევს. საპატიო კომისიის თავმჯდომარე იორდანიის დედოფალი, მისი აღმატებულება რანია ალ აბდულაა. ორგანიზაციამ მსოფლიოს ახალგაზრდა ლიდერთა შორის სხვადასხვა დროს ბრიტანეთის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი, დევიდ კამერონი, ამერიკელი ტელეწამყვანი - მარია ბარტირომო, კომპანია გუგლის თანადამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ლარი პეიჯი, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის დირექტორი ესტერ დუფლო, სოჰოს გენერალური დირექტორი ზანგ ქსინი დაასახელა.
2012 წელს ფორუმმა 59 ქვეყნიდან 192 ახალგაზრდა მსოფლიო ლიდერი ბიზნესის, სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკის, კულტურისა და მედიის სფეროში გამოავლინა. მათ შორის ყველაზე ბევრი, 46 ახალგაზრდა ლიდერი ევროპიდან. ვერა ქობალია, ერთადერთი ახალგაზრდა ქართველი ლიდერია, რომელიც ამ სიაში მოხვდა.