საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები, ეხმიანებიან 2011 წლის ოქტომბერში, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ ცვლილებებს საქართველოს ,,სააღსრულებო წარმოების შესახებ" კანონსა და „საგადასახადო კოდექსში", კერძოდ, ,,სააღსრულებო წარმოების შესახებ" კანონის 50-ე მუხლსა და „საგადასახადო კოდექსის" 239-ე მუხლის მე-6 ნაწილში, რომელთა თანახმად კომერციულმა ბანკებმა დაკარგეს პირველადი იპოთეკარის უფლება.
"მიგვაჩნია, რომ 2011 წლის ოქტომბერში მიღებული ხსენებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, მნიშვნლოვანი ზარალი მიადგა კონკრეტულად ერთ კომერციულ ბანკს, „ბანკ ქართუ"-ს. ამასთან, ხსენებულმა საკანონმდებლო ცვლილებამ, საფრთხე შეუქმნა როგორც ფინანსური სექტორის, ისე მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურობას.
გვსურს განვაცხადოთ, რომ დაუშვებლად მიგვაჩნია ნებისმიერი ქმედება სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც მიზნად ისახავს კომერციული სტრუქტურისადმი ზიანის მიყენებას, მაშინ როდესაც სწორედ სახელმწიფო უნდა იყოს კერძო სექტორის ხელშეუხებლობისა და განვითარების მთავარი გარანტი", - ნათქვამია კომერციული ბანკების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერებ - საქართველოს ბანკი; თი ბი სი ბანკი; პროკრედიტ ბანკი; ლიბერთი ბანკი; ბანკი რესპუბლიკა - ჯგუფი სოსიეტე ჟენერალი; ვი თი ბი ბანკი ჯორჯია; კორ-სტანდარტ ბანკი; პრივატ ბანკი; ბაზის ბანკი; კონსტანტა ბანკი; ინვესტ ბანკი; კავკასიის განვითარების ბანკი