"მნიშვნელოვანია, სამართლებრივი პროცესები სწორად წარიმართოს და დაცული იყოს კანონის უზენაესობა", _ განაცხადა ჟურნალისტებთან აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა ნიკა გვარამიას დაკავების კომენტირებისას და აღნიშნა, რომ როდესაც ტელევიზიის გენერალურ დირექტორს აკავებენ, კითხვები ჩნდება, ხომ არა აქვს ადგილი მედიის თავისუფლების შეზღუდვას - იმ პრინციპის, რომლის ერთგულია აშშ.
"მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ეს დაკავება უკავშირდება მის ფინანსურ საქმიანობას კერძო სექტორში. ამდენად, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილი იყოს კანონის უზენაესობა", - განაცხადა ნორლანდმა.
შეგახსენებთ, რომ "რუსთავი-2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სამართალდამცავებმა გუშინ დააკავეს. გვარამიასთვის ბრალი ოფიციალურად არ წარუდგენიათ, თუმცა ადვოკატის ინფორმაციით, მას ბრალს ქრთამისა და ცრუ სამეწარმეო საქმიანობაში დახმარებისთვის წაუყენებენ.