ნიჟეგოროდის ოლქის ტონშაევსკის რაიონის №8 გამასწორებელი მკაცრი რეჟიმის კოლონიიდან სასჯელის ვადის მოხდის შემდეგ 38 წლის ქართველი "კანონიერი ქურდი" ბაგრატ ფანცულაია გათავისუფლდა. ქურდულ წრეებში ფანცულაია "მარატ სუხუმსკის" ზედმეტსახელითაა ცნობილი. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
ბაგრატ ფანცულაია "ქურდად" მოსკოვში 2000 წელს "აკურთხეს". მისი "რეკომენდატორი მისივე მეგობარი და "კოლეგა" თეიმურაზ გოგოლაშვილი იყო, ზედმეტსახელად "წიკო". იმ ქურდულ შეკრებას, რომლის დროსაც "მარატ სუხუმსკის" "კორონაცია" მოხდა ესწრებოდნენ კრიმინალური სამყაროს ისეთი "თვალსაჩინო" წარმომადგენლები, როგორებიც არიან: ომარ შარიქაძე, გიჟუა კუბლაშვილი, მაცი თუთბერიძე, ბადრი კოღუაშვილი, მერაბ ბარკალაია, კიმო კვარაცხელია და ზაურ გვაძაბია.
"მარატ სუხუმსკი" 2003 წელს მოსკოვის სისხლის სამართლის სამძებროს თანამშრომლებმა დააკავეს. ერთი წლის შემდეგ ტაგანსკის რაიონულმა სასამართლომ მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მიუსაჯა. სასჯელის მოხდის განმავლობაში "მარატ სუხუმსკი" ადმინისტრაციის მიერ დაწესებული რეჟიმის უბოროტეს დამრღვევად ითვლებოდა.
ბოლო და ბოლოს დადგენილი 9 წლის "ღირსეულად" გავლის შემდეგ, ფანცულაიამ მრავალჯერ ასწია თავისი ავტორიტეტი და მისი ცნობადობა რუსეთის მთელს ტერიტორიაზე გაავრცელა. ახლა კი მას ყველა საფუძველი აქვს იმისათვის, რომ სოხუმურ-ქუთაისური ქურდული ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი გახდეს.