დღეს, 19 დეკემბერს, სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მორიგი სხდომა გაიმართება. წინა სხდომა 21 ნოემბერს გაიმართა, რომელზედაც კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით, 5.5 პროცენტამდე შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.
სებ-ის ინფორმაციით, ოქტომბერში დაბალი იყო ინფლაციისა და საბაზო ინფლაციის მაჩვენებლები. წლიურმა ინფლაციამ 0.1 პროცენტი შეადგინა. კომიტეტის წინა სხდომის შემდეგ შემცირდა ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებლები. განახლებული პროგნოზით, მოსალოდნელია, რომ მომავალი წლიდან ინფლაცია დაიწყებს ზომიერ ზრდას, თუმცა წლის განმავლობაში მიზნობრივ დონეზე დაბლა დარჩება.
ეკონომიკური ზრდის წინასწარი ინდიკატორები ოქტომბერში მოთხოვნის შენელებაზე მიუთითებს, რაც ფასების დონეზე შემცირების მიმართულებით მოქმედებს. 2013 წელს გრძელდება ფისკალური კონსოლიდაცია, რაც დადებით გავლენას მოახდენს ფასების დინამიკაზე.