ბულგარეთში, ქალაქ ბურგასში, შავი ზღვის ქვეყნების სასაზღვრო/ სანაპირო დაცვის უწყებათა ხელმძღვანელების მე-13 ყოველწლიური შეხვედრა გაიმართა, სადაც მონაწილეობა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, პოლკოვნიკმა კობა ბოჭორიშვილმა, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, II რანგის კაპიტანმა ლაშა ხარაბაძემ და სასაზღვრო პოლიციის სხვა ოფიციალურმა პირებმა მიიღეს.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს შავი ზღვის ქვეყნების სასაზღვრო/სანაპირო დაცვის უწყებათა თანამშრომლობის ფორუმის სხვადასხვა მუშა ჯგუფის საქმიანობის შედეგები. ასევე ისაუბრეს წვრთნის მნიშვნელობაზე და შეთახმდნენ, რომ გაგრძელდეს წარმოდგენილი ახალი პროექტების იმპლემენტაცია, რათა განმტკიცდეს თანამშრომლობა და 2013 წლის ივლისში ბულგარეთის რესპუბლიკის კოორდინაციით წარმატებით განხორციელდეს მომდევნო ,,წვრთნა შავი ზღვის არწივი-2013".
შეხვედრაზე გადაწყდა, რომ შავი ზღვის ქვეყნების სასაზღვრო/ სანაპირო დაცვის უწყებათა ხელმძღვანელების მომდევნო ყოველწლიურ მე-14 შეხვედრას 2013 წლის ოქტომბერში საქართველო უმასპინძლებს. მხარეებმა მე-13 ყოველწლიური შეხვედრის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციის დელეგაცია ბულგარეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მთავარი დირექტორატის დირექტორს მთავარ კომისარ ზახარინ პენოვს შეხვდა. შეხვედრისას ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება- საქართველოს სასაზღვრო პოლიციასა და ბულგარეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მთავარ დირექტორატს შორის 2013-2014 წლებში თანამშრომლობის ოქმს" მოეწერა ხელი.