აშშ-ის კალიფორნიის შტატში, ჰაკერს, რომელმაც ცნობილი ადამიანების კომპიუტერები გატეხა, სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დაზარალებულ ცნობილ ადამიანთა შორის იყო სკარლეტ იოჰანსონი, რომელსაც პირადი ფოტოები ჰაკერმა ინტერნეტშიც გამოუქვეყნა. ამის შესახებ ინფორმაცია „ფრანს პრესი" ავრცელებს.
სასამართლოს დადგენილებითვე, 36 წლის კანონდამრღვევმა, კრისტოფერ ჩეინიმ იოჰანსონს და ასევე, კრისტინა აგილერას, რენე ოლსტრიდს, მილა კუნისს და რიგ სხვა დაზარალებულებს 76 ათასი დოლარი უნდა გადაუხადოს.
ჩეინიმ უკვე ცნო თავი დამნაშავედ, რამაც მისი მდგომარეობა შეამსუბუქა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას 121 წელი ციხე ემუქრებოდა. ჩეინი მიმდინარე წლის ოქტომბერში, სპეცოპერაციის მეშვეობით დააკავეს. 2011 წლის განმავლობაში, მან დაახლოებით 50 ადამიანის კომპიუტერზე მოიპოვა წვდომა, რის საშუალებითაც მათ ელექტრონულ ფოსტას კითხულობდა.