ბუტა რობაქიძის მეგობრების საქმესთან დაკავშირებით, პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
ბუტა რობაქიძის მეგობრების საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. "ჯი-ეიჩ-ენი" გთავაზობთ ტექსტს უცვლელად:
"საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უარი თქვა კახაბერ აზარიაშვილის, გიორგი ქურდაძისა და აკაკი ბართაიას მიმართ წარდგენილ ბრალდებაზე.
ამირან (ბუტა) რობაქიძის მკვლელობის საქმეს ქართული საზოგადოება კარგად იცნობს. გამოძიებით დადგინდა რომ 2004 წლის 24 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულის ღამეს, დაახლოებით 01 საათსა და 30 წუთზე, თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე, დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა, გააჩერა BMW-ს მარკის ავტომანქანა, რომელსაც მართავდა კახაბერ აზარიაშვილი. მასთან ერთად იყვენენ მისი მეგობრები გიორგი ქურდაძე, ლევან დანგაძე, აკაკი ბართაია, ირაკლი მიქაბერიძე და ამირან (ბუტა) რობაქიძე. აღნიშნული პირები გადმოვიდნენ ავტომანქანიდან, რა დროსაც პატრულის დამხმარე ეკიპაჟის წევრმა გიორგი ბაშალეიშვილმა, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა ბუტა რობაქიძე. ამ დანაშაულისათის გიორგი ბაშალეიშვილი გასამართლებულია გაუფრთხილებლობით ჩადენილი მკვლელობისთვის.
შემთხვევის ადგილზე ჩხრეკა ჩაუტარდათ ბუტა რობაქიძის მეგობრებს რომელთაგან გამოძიებამ ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა. ახალგაზრდები მიეცნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისათვის. გამოძიებით დადგინდა,რომ ბრალდება, რომელიც თავის დროზე წაუყენეს ზემოხსენებულ ახალგაზრდებს ყალბია და არ შეესაბამება სინამდვილეს.
კახაბერ აზარიაშვილს, გიორგი ქურდაძეს და აკაკი ბართაიას ბრალად ედებოდათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
აღნიშნულ პირთა ბრალდების სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, პოლიციის მუშაკების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი სიყალბის ჩადენის ფაქტზე, გამოიკვეთა ახალი ფაქტობრივი გარემოებები მტკიცებულებების ფალსიფიკაციის შესახებ, რომლებიც არსებით გავლენას ახდენენ განსახილველ საქმეზე. საქმის განხილვა დანიშნული იყო 2012 წლის 17 დეკემბერს 15 საათზე. ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით ბრალდების მხარემ უარი თქვა კახაბერ აზარიაშვილის, გიორგი ქურდაძისა და აკაკი ბართაიას მიმართ წარდგენილ ბრალდებაზე.
გამოძიებით ასევე დადაგინდა, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის შემდეგ, შემთხვევის ადგილზე მივიდა საპატრულო პოლიციის ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი ზურაბ მიქაძე და პოლიციის სხვა თანამშრომლები. მათ პოლიციის იმიჯის მოსალოდნელი შელახვისგან თავის არიდების მიზნით, ჩაიდინეს დანაშაული. კერძოდ, ზურაბ მიქაძემ, სხვა პირებთან ერთად, საპატრულო პოლიციის ორი მანქანით ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა მიიტანა შემთხვევის ადგილზე. ამის შემდეგ, მისივე დავალებით, პოლიციის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა მტკიცებულების ფალსიფიკაციის მიზნით, დაალაგეს შემთხვევის ადგილზე. ბუტა რობაქიძის გვამთან დადეს „კალაშნიკოვის" სისტემის ავტომატი ერთი მჭიდითა და 27 ვაზნით; ხოლო სხვა პირებს გაუნაწილეს ადგილზე მიტანილი იარაღი, საბრძოლო მასალა და ამგვარად შეიტანეს მათთვის სასურველი მონაცემები დათვალიერებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებში".
ზურაბ მიქაძემ შემთხვევის ადგილზე ყოფნის დროს აიძულა საპატრულო პოლიციის თანამშრომელი გამოძიებისათვის მიეცა ცრუ ჩვენება, ხელოვნურად შექმნილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რაც ამ უკანასკნელმა შეასრულა