ბუტა რობაქიძის მეგობრების - გიორგი ქურდაძეს, კახაბერ აზარიაშვილსა და აკაკი ბართაიას - საქალაქო სასამართლომ ბრალი მოუხსნა. ადვოკატების განცხადებით, რობაქიძის მეგობრები რვა წლის განმავლობაში იარაღის უკანონო შეძენა-ტარებაში იყვნენ ბრალდებულები და საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე მათ ბრალი მოეხსნათ.
შეგახსენებთ: ბრალდებულები 8 წლის განმავლობაში უშედეგოდ ამტკიცებდნენ, რომ მათთვის აღნიშნული იარაღის ჩადება განხორციელდა (24.11.2004) ბუტა რობაქიძის მკვლელობის გამართლების მიზნით. იარაღის ჩადების შემდეგ, რობაქიძის მკვლელობა დაკვალიფიცირდა როგორც "აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილებით ჩადენილი მკვლელობა" და იგეგმებოდა საქმის შეწყვეტა, რადგან არაობიექტურად ჩატარებული გამოძების მტკიცებით რობაქიძე და მისი მეგობრები იყვნენ შეიარაღებულები და მკვლელობა ჩადენილი იყო აუცილებელი მოგერიების ფარგლებში.
საზოგადოებრივი პროტესტის შედეგად, მოგვიანებით მკვლელი პოლიციელი ბაშალეიშვილი გასამართლდა გაუფრთხილებლობით ჩადენილი მკვლელობისთვის.
პროკურატურამ 2012 წლის ნოემბრიდან დაიწყო ხელახალი გამოძიება მომხდარ უმძიმეს დანაშაულზე და გარკვეული პირების პასუხისმგებლობის საკითხი უკვე დადგა (მიქაძე საპატრულო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი).